2011-02-24

მეოთხედფინალი იტალიელების გარეშე?

ავტორები: - ოთარ ბახტაძე, რომან აფაქიძე

გუშინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები. ამ მატჩებში რამოდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მეტად აღსანიშნავია ის მკვეთრად უარყოფითი შედეგი, რომელიც პლეი-ოფის საწყის ეტაპზევე უჩვენეს იტალიურმა გუნდებმა. ჯგუფური ეტაპი სამმა იტალიურმა გუნდმა გადალახა, სამივემ პირველი მერვედფინალური მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა და სამივე ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა. შესაბამისად სამივე გუნდის წინაშე ურთულესი ამოცანა დგას, რომამ, ინტერმა და მილანმა გასვლით შეხვედრაში მინიმუმ ორ ბურთიანი უპირატესობით უნდა დაამარცხონ შესაბამისად შახტარი, ბაიერნი და ტოტენჰემი, რაც დაგვეთანხმებით ადვილ ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს.


გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩების მოკლე მიმოხილვას, პირველ რიგში იტალიური გუნდების ასპარეზობას შევეხებით.

ინტერი - ბაიერნი - 0-1

ეს დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო იწვედა - წინა სეზონის ფინალისტები კენჭისყრამ ერთმანეთს მერვედფინალში შეახვედრა. ახლა მთავარი კითხვა ამ დაპირისპირებაზე ასე ჟღერს - შეუძლია კი ინტერს ბაიერნის მიუნხენში ორბურთიანი უპირატესობით დამარცხება? მართალია იტალიელთა მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ამბობს, რომ მის გუნდს ალიანს არენაზე სასურველი ანგარიშის დაფიქსირება შეუძლია, მაგრამ სპეციალისტების აზრით წელს ინტერი გაცილებით სუსტი გუნდია, ვიდრე შარშან იყო. შეიძლება საუბარი იმაზეც, რომ ბაიერნს გაუმართლა როცა ასეთ ადრეულ ეტაპზე შეხვდა შარშანდელ ვიზავის. ლეონარდოს მოსვლის მერე ინტერი მკვეთრად პროგრესირებს, თუმცა მას ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ინტერმა სრული პოტენციალის გამოვლენა შეძლოს. მწვრთნელის მიერ მოკლე ხანში გაწეული სამუშაო ნათლად მიგვითითებს იმაზე, რომ დროთა განმავლობაში ლეონარდო მიზანს მიაღწევს და ინტერი უფრო ძლიერი გახდება. მანამდე კი ბაიერნს აქვს მშვენიერი შანსი და უკვე ფორაც, რათა შარშანდელი ფინალისტი მერვედფინალიდან გამოთიშოს.

მილანი - ტოტენჰემი 0-1

მეორე მილანური გრანდი და სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ინგლისურ ტოტენჰემს დაუპირისპირდა. სპეციალისტები მილანელთა შანსებს იმთავითვე უფრო მაღლა აფასებდნენ ვიდრე ტოტენჰემისას, თუმცა ჰარი რედნაპის გუნდმა იტალიელები ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენა. ამ მატჩში თავი ყველაზე მეტად გატუზომ დაგვამახსოვრა, რომელიც იმდენად იყო გაგულისებული საშინაო მარცხით, რომ ჰარი რედნაპის ასისტენტსაც კი გაექაჩა საცემრად. გატუზო თავის გუნდს საპასუხო შეხვედრაში ვერ დაეხმარება, რაც კიდევ ერთი პლიუსია ტოტენჰემისთვის მეოთხედფინალისკენ მიმავალ გზაზე.

რომა - შახტარი 2-3

ყველაზე ცუდად იტალიური სამეულიდან დედაქალაქის გუნდმა ითამაშა. მართალია რომაელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ 3 გოლი მიიღეს უკრაინელებისგან და მხოლოდ მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს ამ წყვილისთვის ინტრიგის დაბრუნება. თუმცა რომაელების მეორე ეტაპზე გასვლის ამ გუნდის ყველაზე თავგადაკლულ ფანებსღა თუ სჯერათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩმა რომაელების მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი შეიწირა. კლუბის ახალი დამრიგებლის ვიჩენცო მონტელას წინაშე ძალიან რთული ამოცანა დგას, შახტარის საკუთარ მოედანზე სასურველი ანგარიშით დამარცხება ადვილი ნამდვილად არ იქნება.



ამით იტალიურ გუნდებზე საუბარს მოვრჩეთ და სხვა მატჩებსაც შევეხოთ.

არსენალი - ბარსელონა 2-1

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ გუნდების დაპირისპირება ყველაზე თვალსასეირო იქნებოდა. არსენ ვენგერის მარად ახალგაზრდული გუნდი უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ლონდონელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს მრისხანე მოწინააღდმეგესთან და სრულიად დამსახურებულად მოუგეს თამაში ესპანურ გრანდს. იქნება თუ არა ეს საკმარისი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ძნელი სათქმელია, ბარსელონამ სტუმრად გოლის გატანა მოახერხა და თავისი პროგრამა მინიმუმი შეასრულა. კანანერებს კამპ ნოუზე ნამდვილი ჯოჯოხეთი ელით და ამას შარშანდელი დაპირისპირებაც ადასტურებს, როცა ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ლონდონელები მიწასთან გაასწორა და ანგარიშით 4-1 დაამარცხა. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ წელს არსენალი გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე შარშან იყო, მაგრამ არის თუ არა ის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან ბარსას გამოთიშვა მოახერხოს სულ მალე გამოჩნდება.

ლიონი - რეალი 1-1

პირველად ამ გუნდების დაპირისპირებაში რეალმა სტუმრად გოლის გატანა მოახერხა და საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა მეოთხედფინალისკენ. ფაქტია, რომ ესპანური გრანდი მერვედფინალის პირველი მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგეზე უკეთეს სიტუაციაშია, თუმცა ისიც ნათელია, რომ რეალს ძალიან უჭირს ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ფრანგული სინდრომის დაძლევა. ფრანგულ კლუბებთან დაპირისპირებაში მსოფლიოს უდიდესი გრანდი ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება და ამან შეიძლება თავისი დაღი რეალს საშინაო შეხვედრაშიც დაასვას. მადრიდული კლუბის ფანებს მოურინიოსი დიდად ეიმედებათ, რომელიც შესანიშნავი მწვრთნელი და რაც მთავარია ფსიქოლოგია. ესპანეთის დედაქალაქში იმედოვნებენ, რომ ის მოახერხებს შეგირდების ცნობიერებიდან ამ საშიში სინდრომის განდევნას. ყველაზე საინტერესო და ალბათ საუკეთესო ფეხბურთელი ამ მატჩში ქარიმ ბენზემა იყო, რომლის გამოჩენასაც ლიონის ფანები ოვაციით შეხვდნენ. ამას ფრანგი გოლეადორისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ თავისი ყოფილი კლუბი მოედანზე გამოსვლიდან 46 წამში დაემწუხრებინა. რეალმა რომ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო ბევრი სპეციალისტის აზრით, სამი ხედირას ტრავმის დამსახურებაა, სწორედ ამ ფეხბურთელის იძულებითი ცვლილების შემდეგ მოახერხეს ლიონის ფეხბურთელებმა წონასწორობის აღდგენა. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანელი ჩამშლელი ესპანურ კლუბს სავარაუდოდ საშინაო შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

ვალენსია - შალკე 1-1

კიდევ ერთი ესპანური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა ვალენსიაა. ღამურები საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდნენ გერმანულ შალკე 0-4-ს, რომელიც მწვავე კრიზისშია და გერმანიის ჩემპიონატში ძალიან უსახურად ასპარეზობს. ვალენსიას თითქოს ადვილად უნდა მოეგო კრიზისში მყოფი გერმანული კლუბისთვის, თანაც საკუთარ არენაზე, თუმცა... შალკეს რიგებში თამაშობს ისეთი გენიალური ფეხბურთელი, როგორიცაა რაულ გონსალო ბლანკო. სწორედ რაულის ფანტასტიკურმა თამაშმა ჩააყენა განმეორებითი მატჩის წინ შალკე მომგებიან მდგომარეობაში. ფელიქს მაგათის გუნდს კრიზისის მიუხედავად შესწევს მეოთხედფინალში გასვლის ძალა და საამისოდ საკმაოდ კარგი წინაპირობაც გააჩნია. სპეციალისტების აზრით ამ წყვილში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მართალია შალკეს ოდნავ უკეთესი შანსი აქვს, მაგრამ გერმანელებს ამ შანსისთვის დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

კოპენჰაგენი - ჩელსი 0-2

ამ წყვილის გამრჯვებულის ვინაობა თავიდანვე არანაირ ეჭვს არ იწვევდა და დანიის დედაქალაქში გამართულმა შეხვედრამ სპეციალისტებისა და გულშემატკივრების მოლოდინი სრულად გაამართლა. დანიელებმა მრისხანე მეტოქესთან ფონს გასვლა კონტრშეტევებით სცადეს, თუმცა ლონდონურ გრანდთან ვერაფერი გააწყვეს. ლონდონური მატჩი ფორმალობად იქცა, ძალიან ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც სჯერა, რომ კოპენჰაგენს ჩელსისთან გასვლით შეხვედრაში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია.

მარსელი - მანჩესტერი 0-0

ეს არის ერთადერთი მატჩი, რომელშიც გოლი არ გასულა, რაც უფრო ინგლისელებისთვისაა მომგებიანი, ვიდრე ფრანგებისთვის, თუმცა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სერ ალექს ფერგიუსონი უკმაყოფილებას ვერ მალავდა. "ჩვენ ვერ შევასრულეთ მთავარი ამოცანა და ვერ გავიტანეთ გოლი მეტოქის მოედანზე" - განაცხადა მან - "მარსელს შეუძლია ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდოს, ამისთვის მათ მანჩესტერში მხოლოდ ერთი გოლის გატანა სჭირდებათ". ერთი, გოლის გატანა მარსელს ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის შეუძლია, ხოლო დაცვაში რომ ფრანგები ბრწყინვალედ თამაშობენ ეს პირველ შეხვედრაშიც გამოჩნდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად ფავორიტმა ინგლისელებმა ვერაფრით მოახერხეს მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა. მარსელის ოლიმპიკის დაცვამ მთელი თამაში უშეცდომოდ ჩაატარა და ფაქტია, რომ მათ იგივეს გაკეთება ოლდ ტრაფორდზეც შეუძლიათ. თუმცა წყვილის ფავორიტად კვლავაც მანჩესტერი რჩება და საკუთარ მოედანზე რომ ამ გუნდს მარსელზე ბევრად ძლიერი გუნდების დამარცხება შეუძლია, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს.