2011-02-23

რობერტო კარლოსი რევიშვილის თანაგუნდელია

ავტორი - რომან აფაქიძე

შედგა რობერტო კარლოსის დებიუტი რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ანჟის შემადგენლობაში. ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი ანჟის რიგებში მინსკის დინამოს წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა და საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ამ მატჩში ანჟის ღირსებას კარლოსთან ერთად საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილი იცავდა. ვეტერან მცველთან ერთად თამაში, მისთვის, რასაკვირველია მნიშვნელოვანია. კარლოსთან ურთიერთობა რევიშვილს აუცილებლად მისცემს "ავტორიტეტებთან გაშინაურების" საშუალებას, ეს კი მეკარისთვის დიდი გამოცდილებაა.

შეხვედრა თურქეთში გაიმართა, სადაც მახაჩყალის კლუბი მოსამზადებელ შეკრებას გადის. მატჩი ანჟის გამარჯვებით დასრულდა - 2 : 0 რევიშვილის კლუბის სასარგებლოდ. პირველი გოლი მახაჩყალელებმა, უშუალოდ რობერტო კარლოსის მონაწილეობით გაიტანეს, სლავოვმა აგალაროვისგან პასი კარლოსის მიერ წამოწყებული კომბინაციის შემდეგ მიიღო და აქცია კიდეც ის გოლად.

ახალწვეულის თამაშით კმაყოფილი დარჩა გუნდის მწვრთნელი გაჯი გაჯიევი: "მართალია კარლოსს მთელი ძალით ეს მატჩი არ უთამაშია, მაგრამ უშეცდომო იყო და ძალიან საიმედოდ ითამაშა. ამ მატჩშიც კი გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი კლუბისთვის რობერტო კარლოსი" - განაცხადა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩში შეცვლაზე ითამაშა ირაკლი კლიმიაშვილმა, რომელიც ანჟის თურქეთის შეკრებაზე გაყვა. კლიმიაშვილმა მეთვრამეტე წუთზე ივანოვი შეცვალა, თუმცა 48 წუთზე თავად კლიმიაშვილი შეცვალეს. მის ნაცვლად მოედანზე გაჯიევი შევიდა.

ტევესი 30 მილიონ ევროდ

ავტორი - რომან აფაქიძე

"მანჩესტერ სიტიმ" მიიღო გადაწყვეტილება, არგენტინელი თავდამსხმელის, კარლოს ტევესის გასხვისების თაობაზე. არგენტინელი "სიტის" კაპიტანი და მთავარი დამრტყმელი ძალაა, მიუხედავად ამისა, კლუბი მას ზაფხულში გაასხვისებს იმ კლუბზე, რომელიც მინიმუმ 30 მილიონ ევროს შესთავაზებს ფეხბურთელის სანაცვლოდ. ამ ინფორმაციას ცნობილი სააგენტო Transfermarketweb ავრცელებს.

ტევესს არაერთხელ გამოუთქვამს კლუბიდან წასვლის სურვილი და იმ შემთხვევაში, თუ სიტის ხელმძღვანელობა მის გასხვისებაზე უარს იტყოდა, აქტიური სპორტული კარიერის დამთავრებითაც კი იმუქრებოდა. მანჩესტერ სიტის მწვრთნელის, რობერტო მანჩინის არაერთი მცდელობის მიუხედავად, კლუბმა ვერ შეძლო ფეხბურთელის ბოლომდე შემორიგება. ტევესი აცხადებს, რომ არანაირი პრობლემა არა აქვს რობერტო მანჩინისთან, მაგრამ სიტის მმართველ გუნდში არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ გააჩნია.

ტევესით დაინტერესებულ კლუბებს შორის ისეთი გრანდები სახელდებიან, როგორიცაა ბარსელონა, მადრიდის რეალი, კორინთიანსი და სხვა.

ვალბუენა მანჩესტერს ემუქრება

ავტორი - კობა პაიჭაძე


როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, მარსელის ოლიმპიკი დღეს, სულ რამოდენიმე საათში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ინგლისურ გრანდს, მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს.


"ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს და გვსურს მოსალოდნელ დაპირისპირებას გმირულად მივუდგეთ" - განაცხადა მარსელისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა მათეუ ვალბუენამ. მისი აზრით, თავგანწირვით თამაშის შემთხვევაში მარსელს მანჩესტერის გამწარება შეუძლია და სწორედ ამის გაკეთებას ეცდებიან საკუთარი ტრიბუნების წინაშე ფრანგი ფეხბურთელები.


უკვე ცნობილია, რომ მატჩზე დასასწრები 60 ათასივე ბილეთი გაყიდულია. მარსელის ფეხბურთელები საკუთარი მოედნის უპირატესობას ამ მატჩის წინ განსაკუთრებულ მნიშნველობას ანიჭებენ და ფაქტია, რომ მათ გულშემატკივრის მხარდაჭერა არ მოაკლდებათ.

ბორუსიამ შმელცერს გაუგრძელა

ავტორი - კობა პაიჭაძე

ბუნდესლიგის ლიდერმა, დორტმუნდის ბორუსიამ 23 წლის მარსელ შმელცერთან კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. სვენ ბენდერის (2016) და მარიო გიოტცეს (2014) შემდეგ ეს უკვე მესამე ტალანტია ბორუსიასთვის, რომელთანაც ხანგრძლივი კონტრაქტი გაფორმდა.

"მარსელ შმელცერთან შეთანხმების მიღწევით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით" - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ზორკმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე "დორტმუნდის ბორუსია ჩემთვის პირველი გუნდი იყო, ამიტომაც მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დიდ ხანს არ მიფიქრია" - ამბობს შმელცერი.

მარსელი - მანჩესტერი

ამ წყვილში მანჩესტერი გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საფრანგეთის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ერთხელ უკვე გაიარა გზა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე და თანაც ისე, რომ ლამის ყველა მატჩში აუტსაიდერად მიიჩნეოდა.

დეშამის განცხადებები ძალიან ჰგავს იმ განცხადებებს, რომელსაც ეს მწვრთნელი 2003-04 წლების სეზონში, მონაკოს მწვრთნელობის დროს აკეთებდა ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ. მაშინაც და ახლაც ფრანგი მწვრთნელი მოწინააღმდეგის ფავორიტობას უსვამს ხაზს და არ იშურებს კომპლიმენტებს მისი მისამართით: - "იუნაიტედის მომდევნო ეტაპზე გასვლა, პრაქტიკულად ეჭვს არ იწვევს, თუმცა ჩვენი მოტივაცია ისაა, რომ ასეთი ძლიერი მეტოქის ასპარეზობიდან გამოთიშვაზე დიდ მიღწევად ჩაგვეთვლება. მანჩესტერელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი დნმ-ში აქვს, და ჩვენც სრულად ვაცნობიერებთ როგორ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე, ისიც ნათელია, რომ გასვლითი შეხვედრა ურთულესი იქნება, ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენთვის სასურველი ანგარიში საკუთარ მოედანზე დავაფიქსიროთ. აქ ჩვენ ერთი პლიუსი გვაქვს და იმედია საკუთარი ტრიბუნების მხარდაჭერა ძალებს შეგვმატებს" - განაცხადა დეშამმა.

თავის მხრივ სერ ალექს ფერგიუსონსაც არ დაუშურებია კომპლიმენტები მოწინააღმდეგის მიმართ. მან განაცხადა, რომ "მარსელი ათლეტური, ძლიერი გუნდია, რომელსაც კარგად ეხერხება თავის დაცვა. ვალბუენა უკვე მწყობრშია და მას თამაში შეუძლია, რაც დიდი ძალაა ოლიმპიკისთვის. ჩვენ ვიცით რომ მარსელში სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება და ეს ნამდვილად დაეხმარება ჩვენს მოწინააღმდეგეს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უახლოესი კვირები ჩვენთვის საკმაოდ პრინციპული იქნება, ჩვენ მოგვიწევს ზედიზედ ოთხი მატჩის გამართვა გასვლაზე უიგანის, ჩელსის, ლივერპულისა და მარსელის წინააღმდეგ. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენი გუნდისთვის. მე მანჩესტერს ფავორიტად არ განვიხილავ, ჩვენს მოწინააღმდეგეს თავისი შანსი ექნება, მაგრამ ამ შანსისთვის მათ დიდი ბრძოლის გამართვა მოუწევთ" - განაცხადა ფერგიუსონმა.

თუმცა მან ამასთანავე აღნიშნა ისიც, რომ "მანჩესტერი სამ ტურნირზე აგრძელებს მონაწილეობას და მიზანი სამივე ტურნირის მოგებაა." - ეს ფრაზა ნათლად მიგვითითებს იმაზე, რომ ფერგიუსონს ნათლად აქვს გაცნობიერებული მისი გუნდის რეალური ძალა. "ჩვენ გვაქვს პრობლემები მოედნის ცენტრში, რადგან ანდერსონი და გიგზი ტრავმირებულები არიან, სიმართლე გითხრათ ამაზე, სრულებითაც არ ვნერვიულობ, რადგან მანჩესტერს საკმაოდ ყავს კარგი მოთამაშეები ამ დანაკლისის აღმოსაფხვრელად" - თქვა ფერგიუსონმა.

გუნდები დღევანდელ დაპირისპირებას მშვენიერი ბალანსით ხვდებიან. მარსელი ბოლო 6 მატჩია დაუმარცხებლად ასპარეზობს და აქედან 5 შეხვედრა მოგებული აქვს, ხოლო მანჩესტერს ბოლო 7-დან 6 შეხვედრა აქვს მოგებული. ვნახოთ მოახერხებს თუ არა დეშამი მონაკოს სასწაულის გამეორებას მარსელთან ერთად.

წყარო: - http://uefa.com/