ამ წყვილში მანჩესტერი გამოკვეთილი ფავორიტია,
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საფრანგეთის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ერთხელ უკვე გაიარა გზა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე და თანაც ისე, რომ ლამის ყველა მატჩში აუტსაიდერად მიიჩნეოდა.
დეშამის განცხადებები ძალიან ჰგავს იმ განცხადებებს, რომელსაც ეს მწვრთნელი 2003-04 წლების სეზონში, მონაკოს მწვრთნელობის დროს აკეთებდა ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ. მაშინაც და ახლაც ფრანგი მწვრთნელი მოწინააღმდეგის ფავორიტობას უსვამს ხაზს და არ იშურებს კომპლიმენტებს მისი მისამართით: - "იუნაიტედის მომდევნო ეტაპზე გასვლა, პრაქტიკულად ეჭვს არ იწვევს, თუმცა ჩვენი მოტივაცია ისაა, რომ ასეთი ძლიერი მეტოქის ასპარეზობიდან გამოთიშვაზე დიდ მიღწევად ჩაგვეთვლება. მანჩესტერელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი დნმ-ში აქვს, და ჩვენც სრულად ვაცნობიერებთ როგორ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე, ისიც ნათელია, რომ გასვლითი შეხვედრა ურთულესი იქნება, ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენთვის სასურველი ანგარიში საკუთარ მოედანზე დავაფიქსიროთ. აქ ჩვენ ერთი პლიუსი გვაქვს და იმედია საკუთარი ტრიბუნების მხარდაჭერა ძალებს შეგვმატებს" - განაცხადა დეშამმა.თავის მხრივ სერ ალექს ფერგიუსონსაც არ დაუშურებია კომპლიმენტები მოწინააღმდეგის მიმართ. მან განაცხადა, რომ "მარსელი ათლეტური, ძლიერი გუნდია, რომელსაც კარგად ეხერხება თავის დაცვა. ვალბუენა უკვე მწყობრშია და მას თამაში შეუძლია, რაც დიდი ძალაა ოლიმპიკისთვის. ჩვენ ვიცით რომ მარსელში სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება და ეს ნამდვილად დაეხმარება ჩვენს მოწინააღმდეგეს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უახლოესი კვირები ჩვენთვის საკმაოდ პრინციპული იქნება, ჩვენ მოგვიწევს ზედიზედ ოთხი მატჩის გამართვა გასვლაზე უიგანის, ჩელსის, ლივერპულისა და მარსელის წინააღმდეგ. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენი გუნდისთვის. მე მანჩესტერს ფავორიტად არ განვიხილავ, ჩვენს მოწინააღმდეგეს თავისი შანსი ექნება, მაგრამ ამ შანსისთვის მათ დიდი ბრძოლის გამართვა მოუწევთ" - განაცხადა ფერგიუსონმა.
თუმცა მან ამასთანავე აღნიშნა ისიც, რომ
"მანჩესტერი სამ ტურნირზე აგრძელებს მონაწილეობას და მიზანი სამივე ტურნირის მოგებაა." - ეს ფრაზა ნათლად მიგვითითებს იმაზე, რომ ფერგიუსონს ნათლად აქვს გაცნობიერებული მისი გუნდის რეალური ძალა. "ჩვენ გვაქვს პრობლემები მოედნის ცენტრში, რადგან ანდერსონი და გიგზი ტრავმირებულები არიან, სიმართლე გითხრათ ამაზე, სრულებითაც არ ვნერვიულობ, რადგან მანჩესტერს საკმაოდ ყავს კარგი მოთამაშეები ამ დანაკლისის აღმოსაფხვრელად" - თქვა ფერგიუსონმა.გუნდები დღევანდელ დაპირისპირებას მშვენიერი ბალანსით ხვდებიან. მარსელი ბოლო 6 მატჩია დაუმარცხებლად ასპარეზობს და აქედან 5 შეხვედრა მოგებული აქვს, ხოლო მანჩესტერს ბოლო 7-დან 6 შეხვედრა აქვს მოგებული. ვნახოთ მოახერხებს თუ არა დეშამი მონაკოს სასწაულის გამეორებას მარსელთან ერთად.
წყარო: - http://uefa.com/