2011-02-24

ევროპის სამი უდიდესი სტადიონი

ავტორი – კობა პაიჭაძე

ევროპის სტადიონთაგან 3 უდიდესი, ბარსელონაში, ლონდონსა და მილანში მდებარეობს.
ბარსელონას საშინაო არენა კამპ ნოუ 98 787 მაყურებელს იტევს და უდიდესია ბებერ კონტინენტზე. სწორედ ამიტომ უეფამ ბარსელონას სტადიონს ხუთვარსკვლავიანის სტატუსი მიანიჭა. მიუხედავად ამისა, ბარსელონას ხელმძღვანელობა 2012 წელს სტადიონის რეკონსტრუქციას გეგმავს, მისი ტევადობა რეკონსტრუქციის შემდეგ 115 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

ევროპის უდიდეს სტადიონთაგან რიგით მეორე უემბლია, რომელიც ლონდონში მდებარეობს. ეს ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო არენაა და 90 ათას გულშემატკივარს იტევს. უემბლი ლეგენდარული არენაა, რომელიც უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. უემბლიმ 1948 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, მასზე არაერთი ლეგენდარული ჯგუფის კონცერტი გამართულა.

სიდიდით მესამე სტადიონი მილანშია. იტალიური ფეხბურთის 2 გამორჩეული გრანდის მილანისა და ინტერის საშინაო არენა 85 700 მაყურებელს იტევს. ჯუზეპე მეაცა უემბლის სტადიონის დასრულებამდე მსოფლიოში პირველ სრულად გადახურულ სტადიონად ითვლებოდა. სტადიონს სახელი მილანის ლეგენდარული ფეხბურთელის 1979 წელს გარდაცვლილი ჯუზეპე მეაცას პატივსაცემად ეწოდა. ეს სტადიონი განსაკუთრებით პოპულარული 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გახდა. ამ მატჩში მიუნხენის ბაიერნმა ესპანეთის ვალენსია პენალტების სერიაში ანგარიშით 5–4 დაამარცხა.