
როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, მარსელის ოლიმპიკი დღეს, სულ რამოდენიმე საათში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ინგლისურ გრანდს, მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს.
"ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს და გვსურს მოსალოდნელ დაპირისპირებას გმირულად მივუდგეთ" - განაცხადა მარსელისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა მათეუ ვალბუენამ. მისი აზრით, თავგანწირვით თამაშის შემთხვევაში მარსელს მანჩესტერის გამწარება შეუძლია და სწორედ ამის გაკეთებას ეცდებიან საკუთარი ტრიბუნების წინაშე ფრანგი ფეხბურთელები.
უკვე ცნობილია, რომ მატჩზე დასასწრები 60 ათასივე ბილეთი გაყიდულია. მარსელის ფეხბურთელები საკუთარი მოედნის უპირატესობას ამ მატჩის წინ განსაკუთრებულ მნიშნველობას ანიჭებენ და ფაქტია, რომ მათ გულშემატკივრის მხარდაჭერა არ მოაკლდებათ.