ავტორი - რომან აფაქიძე"მანჩესტერ სიტიმ" მიიღო გადაწყვეტილება, არგენტინელი თავდამსხმელის, კარლოს ტევესის გასხვისების თაობაზე. არგენტინელი "სიტის" კაპიტანი და მთავარი დამრტყმელი ძალაა, მიუხედავად ამისა, კლუბი მას ზაფხულში გაასხვისებს იმ კლუბზე, რომელიც მინიმუმ 30 მილიონ ევროს შესთავაზებს ფეხბურთელის სანაცვლოდ. ამ ინფორმაციას ცნობილი სააგენტო Transfermarketweb ავრცელებს.
ტევესს არაერთხელ გამოუთქვამს კლუბიდან წასვლის სურვილი და იმ შემთხვევაში, თუ სიტის ხელმძღვანელობა მის გასხვისებაზე უარს იტყოდა, აქტიური სპორტული კარიერის დამთავრებითაც კი იმუქრებოდა. მანჩესტერ სიტის მწვრთნელის, რობერტო მანჩინის არაერთი მცდელობის მიუხედავად, კლუბმა ვერ შეძლო ფეხბურთელის ბოლომდე შემორიგება. ტევესი აცხადებს, რომ არანაირი პრობლემა არა აქვს რობერტო მანჩინისთან, მაგრამ სიტის მმართველ გუნდში არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ გააჩნია.
ტევესით დაინტერესებულ კლუბებს შორის ისეთი გრანდები სახელდებიან, როგორიცაა ბარსელონა, მადრიდის რეალი, კორინთიანსი და სხვა.