2011-02-23

რობერტო კარლოსი რევიშვილის თანაგუნდელია

ავტორი - რომან აფაქიძე

შედგა რობერტო კარლოსის დებიუტი რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ანჟის შემადგენლობაში. ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი ანჟის რიგებში მინსკის დინამოს წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა და საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ამ მატჩში ანჟის ღირსებას კარლოსთან ერთად საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილი იცავდა. ვეტერან მცველთან ერთად თამაში, მისთვის, რასაკვირველია მნიშვნელოვანია. კარლოსთან ურთიერთობა რევიშვილს აუცილებლად მისცემს "ავტორიტეტებთან გაშინაურების" საშუალებას, ეს კი მეკარისთვის დიდი გამოცდილებაა.

შეხვედრა თურქეთში გაიმართა, სადაც მახაჩყალის კლუბი მოსამზადებელ შეკრებას გადის. მატჩი ანჟის გამარჯვებით დასრულდა - 2 : 0 რევიშვილის კლუბის სასარგებლოდ. პირველი გოლი მახაჩყალელებმა, უშუალოდ რობერტო კარლოსის მონაწილეობით გაიტანეს, სლავოვმა აგალაროვისგან პასი კარლოსის მიერ წამოწყებული კომბინაციის შემდეგ მიიღო და აქცია კიდეც ის გოლად.

ახალწვეულის თამაშით კმაყოფილი დარჩა გუნდის მწვრთნელი გაჯი გაჯიევი: "მართალია კარლოსს მთელი ძალით ეს მატჩი არ უთამაშია, მაგრამ უშეცდომო იყო და ძალიან საიმედოდ ითამაშა. ამ მატჩშიც კი გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი კლუბისთვის რობერტო კარლოსი" - განაცხადა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩში შეცვლაზე ითამაშა ირაკლი კლიმიაშვილმა, რომელიც ანჟის თურქეთის შეკრებაზე გაყვა. კლიმიაშვილმა მეთვრამეტე წუთზე ივანოვი შეცვალა, თუმცა 48 წუთზე თავად კლიმიაშვილი შეცვალეს. მის ნაცვლად მოედანზე გაჯიევი შევიდა.