2011-02-25

რონალდო - "დავიღალე მეტი აღარ შემიძლია"

ავტორი - კობა პაიჭაძე

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბრაზილიელმა თავდამსხმელმა - რონალდომ (ლუის ნაზარიო დე ლიმა) 18 წლიანი პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

"რონიმ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა" - წერს ესპანური სპორტული გამოცემა Estado de Sao Paolo 34 წლის ფეხბურთელზე. "მე მეტი აღარ შემიძლია, ძალიან მინდოდა კიდევ მეთამაშა ფეხბურთი, მაგრამ უკვე ვატყობ, რომ იმ დონეზე თამაში, როგორც მე მინდა, უკვე აღარ შემიძლია. ის დრო, როცა ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვიღებდი წავიდა" - განაცხადა მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელმა (1996, 1997, 2002).

კარიერის განმავლობაში "კიჭამ" მსოფლიოს ოთხ უდიდეს კლუბში (ბარსელონა, ინტერი, რეალი, მილანი) ითამაშა და ყველა ინდივიდუალური ტიტული მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა. ის სამჯერ მსოფლიოს საუკეთესი ფეხბურთელად, ორჯერ კი მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა. "ფენომენმა", როგორც მას ინტერის გულშემატკივრები უწოდებენ კარიერის განმავლობაში 616 თამაში ჩაატარა და 420 გოლის გატანა მოახერხა.

2011-02-24

მეოთხედფინალი იტალიელების გარეშე?

ავტორები: - ოთარ ბახტაძე, რომან აფაქიძე

გუშინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები. ამ მატჩებში რამოდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მეტად აღსანიშნავია ის მკვეთრად უარყოფითი შედეგი, რომელიც პლეი-ოფის საწყის ეტაპზევე უჩვენეს იტალიურმა გუნდებმა. ჯგუფური ეტაპი სამმა იტალიურმა გუნდმა გადალახა, სამივემ პირველი მერვედფინალური მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა და სამივე ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა. შესაბამისად სამივე გუნდის წინაშე ურთულესი ამოცანა დგას, რომამ, ინტერმა და მილანმა გასვლით შეხვედრაში მინიმუმ ორ ბურთიანი უპირატესობით უნდა დაამარცხონ შესაბამისად შახტარი, ბაიერნი და ტოტენჰემი, რაც დაგვეთანხმებით ადვილ ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს.

მოურინიო - 9 წელი წაგების გარეშე

ანუ ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა

ავტორი - კობა პაიჭაძე

წინა პუბლიკაციაში ხოსეპ გვარდიოლას სამწვრთნელო მიღწევებზე ვისაუბრეთ და ამდენად უპრიანად ჩავთვალეთ მომდევნო წერილი ლა ლიგაში მისი ყველაზე "რეალური" კონკურენტის, ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო მიღწევებისთვის მიგვეძღვნა. საქმე ისაა, რომ მოურინიოს საშინაო მატჩში მარცხის გემო უკვე 9 წელია არ განუცდია. ეს მართლაც უპრეცენდენტო მიღწევაა.

გუშინ 23 თებერვალს ზუსტად 9 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიომ საშინაო მატჩში მარცხი განიცადა. წაუგებელი სერია უკვე 148 მატჩია გრძელდება, შაბათს ლა-ლიგაში სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული რეალი -ლევანტეს დაპირისპირება სწორედ 148-ე იყო ამ დიდებულ სერიაში. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში რეალმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-0.

საინტერესოა მთლიანი სტატისტიკაც, მოურინიომ ამ 148 მატჩიდან მხოლოდ 25 დაასრულა ფრედ, 123 მატჩი კი მოგებით დაასრულა.

ბოლო საშინაო მარცხი პორტუგალიელმა სპეციალისტმა 2002 წლის 23 თებერვალს იწვნია, როცა პორტუს წვრთნიდა. ბეირა მარისთან მატჩში პორტუ მინიმალური ანგარიშით 2-3 დამარცხდა.

გუნდების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება:

პორტუგალია (პორტო) - 38 წაუგებელი საშინაო მატჩი
ინგლისი (ჩელსი) - 60 წაუგებელი საშინაო მატჩი
იტალია (ინტერი) - 38 წაუგებელი საშინაო მატჩი
დაბოლოს ესპანეთი, რეალის მწვრთნელის რანგში მოუმ ჯერ მხოლოდ 12 საშინაო შეხვედრა გამართა და არც ერთხელ არ დამარცხებულა.

ევროპის სამი უდიდესი სტადიონი

ავტორი – კობა პაიჭაძე

ევროპის სტადიონთაგან 3 უდიდესი, ბარსელონაში, ლონდონსა და მილანში მდებარეობს.
ბარსელონას საშინაო არენა კამპ ნოუ 98 787 მაყურებელს იტევს და უდიდესია ბებერ კონტინენტზე. სწორედ ამიტომ უეფამ ბარსელონას სტადიონს ხუთვარსკვლავიანის სტატუსი მიანიჭა. მიუხედავად ამისა, ბარსელონას ხელმძღვანელობა 2012 წელს სტადიონის რეკონსტრუქციას გეგმავს, მისი ტევადობა რეკონსტრუქციის შემდეგ 115 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

ევროპის უდიდეს სტადიონთაგან რიგით მეორე უემბლია, რომელიც ლონდონში მდებარეობს. ეს ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო არენაა და 90 ათას გულშემატკივარს იტევს. უემბლი ლეგენდარული არენაა, რომელიც უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. უემბლიმ 1948 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, მასზე არაერთი ლეგენდარული ჯგუფის კონცერტი გამართულა.

სიდიდით მესამე სტადიონი მილანშია. იტალიური ფეხბურთის 2 გამორჩეული გრანდის მილანისა და ინტერის საშინაო არენა 85 700 მაყურებელს იტევს. ჯუზეპე მეაცა უემბლის სტადიონის დასრულებამდე მსოფლიოში პირველ სრულად გადახურულ სტადიონად ითვლებოდა. სტადიონს სახელი მილანის ლეგენდარული ფეხბურთელის 1979 წელს გარდაცვლილი ჯუზეპე მეაცას პატივსაცემად ეწოდა. ეს სტადიონი განსაკუთრებით პოპულარული 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გახდა. ამ მატჩში მიუნხენის ბაიერნმა ესპანეთის ვალენსია პენალტების სერიაში ანგარიშით 5–4 დაამარცხა.

გვარდიოლა: 79 გამარჯვება 100 მატჩში

ავტორი – კობა პაიჭაძე

კვირას გამართული დაპირისპირება ბარსელონას და ბილბაოს შორის, საიუბილეო გამოდგა ბარსას დამრიგებლისთვის პრიმერაში. ეს იყო ბარსელონას მეასე მატჩი პრიმერაში გვარდიოლას ხელმძღვანელობით. ახალგაზრდა ესპანელ სპეციალისტს ბრწყინვალე ბალანსი აქვს – მან 100–დან 79 მატჩში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ამ ასი მატჩიდან გვარდიოლას მეთაურობით ბარსელონამ სულ რაღაც შვიდჯერ დამარცდა, ხოლო 14 მატჩი ფრედ დაასრულა.

ასევე აღსანიშნავია გვარდიოლას კიდევ ერთი მიღწევა, რომელიც ამ მატჩში დაფიქსირდა –
ბარსას წაუგებელი სერია უკვე 22 მატჩია გრძელდება, რაც მართლა ფანტასტიური შედეგია, აღსანიშნავია ისიც, რომ ბარსამ ამ 22–დან 16 მატჩის მოგება მოახერხა.

ბილბაოსთან დაპირისპირება, რომელიც ბარსამ 2–1 მოიგო საიუბილეო აღმოჩნდა ლეო მესისთვისაც. 250–ჯერ მოირგო ბარსელონას მაისური მესიმ, ტრადიციულად ბრწყინვალედ ითამაშა და საიუბილეო მატჩში ბილბაოს კარში გოლიც გაიტანა. ეს მისი 169–ე გოლი იყო ბარსელონას მაისურით.

2011-02-23

რობერტო კარლოსი რევიშვილის თანაგუნდელია

ავტორი - რომან აფაქიძე

შედგა რობერტო კარლოსის დებიუტი რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ანჟის შემადგენლობაში. ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი ანჟის რიგებში მინსკის დინამოს წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა და საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ამ მატჩში ანჟის ღირსებას კარლოსთან ერთად საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილი იცავდა. ვეტერან მცველთან ერთად თამაში, მისთვის, რასაკვირველია მნიშვნელოვანია. კარლოსთან ურთიერთობა რევიშვილს აუცილებლად მისცემს "ავტორიტეტებთან გაშინაურების" საშუალებას, ეს კი მეკარისთვის დიდი გამოცდილებაა.

შეხვედრა თურქეთში გაიმართა, სადაც მახაჩყალის კლუბი მოსამზადებელ შეკრებას გადის. მატჩი ანჟის გამარჯვებით დასრულდა - 2 : 0 რევიშვილის კლუბის სასარგებლოდ. პირველი გოლი მახაჩყალელებმა, უშუალოდ რობერტო კარლოსის მონაწილეობით გაიტანეს, სლავოვმა აგალაროვისგან პასი კარლოსის მიერ წამოწყებული კომბინაციის შემდეგ მიიღო და აქცია კიდეც ის გოლად.

ახალწვეულის თამაშით კმაყოფილი დარჩა გუნდის მწვრთნელი გაჯი გაჯიევი: "მართალია კარლოსს მთელი ძალით ეს მატჩი არ უთამაშია, მაგრამ უშეცდომო იყო და ძალიან საიმედოდ ითამაშა. ამ მატჩშიც კი გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი კლუბისთვის რობერტო კარლოსი" - განაცხადა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩში შეცვლაზე ითამაშა ირაკლი კლიმიაშვილმა, რომელიც ანჟის თურქეთის შეკრებაზე გაყვა. კლიმიაშვილმა მეთვრამეტე წუთზე ივანოვი შეცვალა, თუმცა 48 წუთზე თავად კლიმიაშვილი შეცვალეს. მის ნაცვლად მოედანზე გაჯიევი შევიდა.

ტევესი 30 მილიონ ევროდ

ავტორი - რომან აფაქიძე

"მანჩესტერ სიტიმ" მიიღო გადაწყვეტილება, არგენტინელი თავდამსხმელის, კარლოს ტევესის გასხვისების თაობაზე. არგენტინელი "სიტის" კაპიტანი და მთავარი დამრტყმელი ძალაა, მიუხედავად ამისა, კლუბი მას ზაფხულში გაასხვისებს იმ კლუბზე, რომელიც მინიმუმ 30 მილიონ ევროს შესთავაზებს ფეხბურთელის სანაცვლოდ. ამ ინფორმაციას ცნობილი სააგენტო Transfermarketweb ავრცელებს.

ტევესს არაერთხელ გამოუთქვამს კლუბიდან წასვლის სურვილი და იმ შემთხვევაში, თუ სიტის ხელმძღვანელობა მის გასხვისებაზე უარს იტყოდა, აქტიური სპორტული კარიერის დამთავრებითაც კი იმუქრებოდა. მანჩესტერ სიტის მწვრთნელის, რობერტო მანჩინის არაერთი მცდელობის მიუხედავად, კლუბმა ვერ შეძლო ფეხბურთელის ბოლომდე შემორიგება. ტევესი აცხადებს, რომ არანაირი პრობლემა არა აქვს რობერტო მანჩინისთან, მაგრამ სიტის მმართველ გუნდში არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ გააჩნია.

ტევესით დაინტერესებულ კლუბებს შორის ისეთი გრანდები სახელდებიან, როგორიცაა ბარსელონა, მადრიდის რეალი, კორინთიანსი და სხვა.